აშშ-ის მთავრობამ ახალციხის მუნიციპალიტეტს 382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, აშშ-ის მთავრობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კატასტროფის პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად $382,000 დოლარის ღირებულების აღჭურვილობა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, ეს საჩუქარი, რომელიც ექვს გენერატორს, ექვს კარავსა და ექსკავატორ-დამტვირთველს მოიცავს, აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია.

"გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ეროვნული გვარდიისა და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და ახალციხეში ჩამოსვლისთვის, სადაც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის კარვის გაშლა-გამოყენების დემონსტრირებაში დაგვეხმარნენ", - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.