„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ისა და “ტვ პირველის” ოპერატორებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებულებს, უშანგი დათუნაშვილსა და ირაკლი წიგნაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
გატაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომან ხორავამ მიიღო.
მოსამართლის განცხადებით, პატიმრობის გადაწყვეტილება დანაშულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის საფუძველზე მიიღო.
“ძალადობა მიუღებელია - ორი აზრი არ არსებობს”,- განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.
პატიმრობის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე პროკურორებმა დააყენეს, დაცვის მხარე კი ითხოვდა, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო გამოეყენებინათ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თაბამშრონლებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს, „რუსთავი 2“-ის ოპერატორზე ძალადობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, „ცისფერი გალერეას” მიმდებარედ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
რაც შეეხება ბრალდებულს “ტვ პირველის” ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეში, სამართლადამცველებმა ასევე გუშინ დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.წ.-მ 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, რევაზ თაბუკაშვილისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების კვეთაზე, „ტვ პირველის“ ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
5-6 ივლისს აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ 27 ადამიანია დაკავებული.