საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარეობაზე დეტალური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით საერთო ჯამში აცრილთაგან, 67% ქალია, 33% კი კაცი.

კვლევების თანახმად, პროცენტულად ვაქცინაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 70-74 ასაკობრივ ჯგუფშია, რომელსაც მოსდევს 65-69 და 75 წლის და მეტი ასაკის ჯგუფები.

18-54 წლის ასაკობრივ ჯგუფში ადამიანთა უმეტესობა Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა, შემდეგ მოდის Sinovac-ი, Astrazeneca და Pfizer-ი. 55-65 ასაკობრივ ჯგუფში Astrazeneca ყველაზე მეტმა გაიკეთა. შემდეგ - Sinopharm-ი, Sinovac-ი და Pfizer-ი.

65-75+ ჯგუფებშიც Astrazeneca-ს ვაქცინით იცრებიან, შემდეგ არის Pfizer-ი, Sinopharm-ი და Sinovac-ი.

რაც შეეხებათ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, 15 ივლისისთვის სულ აცრილია 16 486. მათ შორის ყველაზე მეტი ექიმი Pfizer-ით აიცრა. შემდეგ მოდის Astrazeneca, Sinopharm-ი და Sinovac-ი.

ამ დროის მონაცემებით, დღეში 100 000 მოსახლეზე საშუალოდ 700 დოზა აცრა ტარდება. 334 ათასზე მეტი აცრიდან გართულების 607 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან მხოლოდ 101 ჩაითვალა სერიოზულ გართულებად. სულ 25-მა გაიარა სტაციონარული მკურნალობა, 65-მა კი ამბულატორიული. გვერდითი მოვლენები ყველაზე მეტად Astrazeneca-ს ვაქცინით აცრილებში გამოვლინდა, თუმცა ალერგიული რეაქციები Pfizer-ით აცრილებში სჭარბობდა. ოთხი თვის განმავლობაში აცირლთაგან კორონავირუსი 1207-ს დაუდასტურდა, აქედან ერთი დოზით აცრილია 800 და სრულად აცრილი - 407. დიდ ნაწილში, კოვიდინფექცია უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით განვითარდა. ვაქცინირებულებიდან კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან ვაქცინის მეორე დოზა არავის არ ჰქონდა გაკეთებული.