BBC-ის ინფორმაციით, ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორი კენტარო კობაიაში გაათავისუფლეს.
ტოკიო 2020-ის პრეზიდენტის სეიკო ჰაშიმოტოს ცნობით, კობაიაში წარსულში ჰოლოკოსტზე დამცინავი კომენტარების გამო გაათავისუფლეს. ჰაშიმოტოს თქმით, კობაიაშის სიტყვები "ისტორიის მტკივნეულ ფაქტებს" აბუჩად იგდებს.
კენტარო კობაიაში კომიკოსი, მსახიობი და მანგაკაა ანუ კომიქსების მხატვარი. ცოტა ხნის წინ გავრცელდა 1990-იანი წლების საბავშვო გადაცემის ვიდეო, სადაც ის მეორე მსახიობს სთავაზობს "ჰოლოკოსტობანა ითამაშონ".
მას 1998 წელს სატელევიზიო გასართობ გადაცემაში ჰოლოკოსტზე ხუმრობასა და დამცინავ კომენტარებში ადანაშაულებენ. ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც კობაიაშიმ თქვა იყო "მოდი ჰოლოკოსტობანა ვითამაშოთ".
თანამდებობიდან გათავისუფლებას კობაიაში ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა.
,,გასართობმა გადაცემებმა ადამიანებს უხერხულობა არ უნდა შეუქმნას. მესმის, რომ ჩემი ცუდად შერჩეული სიტყვები არასწორი იყო და ვნანობ". – ნათქვამია განცხადებაში.
კობაიაში ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ერთი დღით ადრე გაათავისუფლეს. ცერემონია 23 ივლისს გაიმართება.