კორონავირუსთან დაკავშირებით დეზინფორმაციის გავრცელების გამო, YouTube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა

კომპანია Youtube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს ვიდეოები მისი პლატფორმიდან წაშალა.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ბოლსონარუს ვიდეოები კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციულ ცნობებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან ქვეყნის პრეზიდენტი ,,ლოქდაუნის", ნიღბის ტარებისა და ვაქცინაციის წინააღმდეგია.

როგორც YouTube-ის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბრაზილიის პრეზიდენტი ვირუსთან საბრძოლველად ნიღბების ტარების წინააღმდეგ გამოდის და რამდენიმე ნივთიერებას კორონავირუსის სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებად ასახელებს.

კომპანია აცხადებს, რომ არ დაუშვებს თავის პლატფორმაზე ისეთი ტიპის ვიდეოებს, რომლის შინაარსი ხელს უწყობს რომელიმე ნივთიერების წარმოჩენას, როგორც ეფექტური მკურნალობის საშუალებას. ასევე, კრძალავს ვიდეოებს, სადაც ნათქვამია, რომ ნიღბები ხელს არ უშლის ვირუსის გავრცელებას.

გასულ წელს, პრეზიდენტის ვიდეოები Twitter-მა და Facebook-მაც წაშალეს.მიზეზი მაშინაც ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტების მხრიდან გაკეთებული რეკომენდაციების საწინააღმდეგო განცხადებები იყო. თუმცა პრეზიდენტის "YouTube" არხი განსაკუთრებით აქტიურია, რადგან მის ყოველკვირეულ მიმართვას ამ პლატფორმიდან ავრცელებს.

Pfizer-ი: ბრაზილიის მთავრობამ ვაქცინის შესყიდვაზე ასზე მეტ წერილს არ უპასუხა