ვახტანგ გომელაური: ძალიან დიდი ხანია, ძალოვან უწყებაში ვმუშაობ და არ მახსოვს ასეთი მასიური ძალადობა ჟურნალისტების მიმართ

რატომ დაიწყო ჟურნალისტების მიმართ აგრესია 5 ივლისს, ამ საკითხზე ისაუბრა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გადაცემაში „ღამის კურიერი“. გომელაურმა აღნიშნა, რომ ამაზე კითხვები თავადაც აქვს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ „27 წელია ძალოვან უწყებაში მუშაობს და არც 90-იანი წლების მიტინგებზე ახსოვს, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ძალადობა განეხორციელებინოთ“.

„ამაზე ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური არა.

არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შს მინისტრმა ასევე ისაუბრა 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

„დიდ პატივს ვცემ ელჩების, დიპლომატიური კორპუსის აზრს. მე მათ შევხვდი. მნიშვნელოვანია მათი განცხადებები. ჩვენ ვნახეთ მათი განცხადება და მეორე დღესვე, რა კითხვებიც იყო, ამომწურავი პასუხი გავუგზავნეთ. ჩვენი უწყება ყოველთვის ღიაა, რომ მობრძანდნენ, რომ შევხვდეთ, კითხვებზე პასუხები გავცეთ და რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო, ასევე პოლიციელებზე“, - განაცხადა გომელაურმა.

მან პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„თქვენ თუ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში 5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.

აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერში“.