უკრაინის ომში სეპარატისტების მხარეს ბრძოლისთვის, ჩეხეთის სასამართლომ ბელარუსის მოქალაქეს 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ჩეხეთის რესპუბლიკის სასამართლომ ჩეხეთში მცხოვრებ 41 წლის მამაკაცს, უკრაინის ომში პრორუსი სეპარატისტების მხარეს ბრძოლის გამო, 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ,,რადიო თავისუფლების" ბელარუსის ბიურო ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ალექსეი ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს.

2020 წლის სექტემბერში ფადეევი რუს სეპარატისტებთან თანამშრომლობაში დამნაშავედ ცნეს და ამისთვის მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს. პროკურორის აზრით, სასჯელი მსუბუქი იყო, ჩეხეთის სასამართლომ მის საქმეს გადახედა, ფადეევს ბრალი ტერორიზმისთვის წაუყენეს და გადაწყდა სეპარატისტთა მხარდამჭერისთვის პატიმრობის ვადის გაზრდა.

პროკურორების თქმით, 2014-2016 წლების შუალედში დამნაშავე რეგულარულად მოგზაურობდა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ის ერთ-ერთი სეპარატისტული ჯგუფის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

ფედეევი ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ის ჩეხეთში მრავალი წელი ცხოვრობდა.