ბათუმში, რესტორანი „ნეოკა“ კორონავირუსით 4 თანამშრომლის დაინფიცირების გამო, დროებით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას რესტორნის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ძვირფასო სტუმრებო, გულდაწყვეტილი გაცნობებთ, რომ ყველა კოვიდ რეგულაციის ზედმიწევნით დაცვის მიუხედავად, ჩვენი გუნდის 4 წევრს დაუდასტურდა COVID-19. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი გუნდი გადავიდეს თვითიზოლაციაში. 23 ივლისიდან, დროებით გემშვიდობებით. პირობას გაძლევთ, რომ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, მოტივირებულები და პოზიტიურები…
გახსოვდეთ, შტორმის შემდეგ, ცა ოქროსფერია! სიყვარულით და პატივისცემით, ნეოკა!“, - წერია რესტორნის ადმინისტრაციის მიერ Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კოვიდინფიცირების 2 460 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.