„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე მომავალ არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატზე საუბრისას აცხადებს, რომ კახა კალაძე ოპოზიციის კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს.
„რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.
„ნახატებს აჩვენებდა კომპიუტერული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი აშენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან" გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, ეს ნახატები ნახატებად დარჩა, სად არის ხიდი? - 30 წელია ხიდი არ აშენებულა. მხოლოდ „მშვიდობის ხიდი“ აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. 99 პროცენტი რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან.
„ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან ერთად დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
კანდიდატების წარდგენა 21:00 საათზე მედიის წარმომადგენლების გარეშე გაიმართება. წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ნაწილის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი კი ელენე ხოშტარია იქნება.
თავის მხრივ, „მოქალაქეების“ დეპუტატი ლევან იოსელიანი ოპოზიციონერ კოლეგას ნიკა მელიას ამ არჩევნებზე „ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს“ უწინასწარმეტყველებს.
ის აღნიშნავს, რომ თუ ალეკო ელისაშვილი საერთო კანდიდატი იქნებოდა, „ოქროს მედალს“ მიიღებდა.
„როგორც ყოველთვის „ნაციონალური მოძრაობა„ ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, „ნაციონალური მოძრაობა“ დასჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, სხვადახვა საინტერესო ადამიანი აპირებს მონაწილეობას მერობის არჩევნებზე“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
მოქმედი მერი, კახა კალაძე მეორე ვადით არჩევისთვის იყრის კენჭს. „ქართულმა ოცნებამ“ ის უკვე დაასახელა კანდიდატად და სლოგანიც წარადგინა - „მეტი სიცოხლე ყველა უბანში“. წინა არჩევნებზე მისი სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ იყო.