ამირან გამყრელიძე: დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღე სახლში იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხახებით, აუცილებელია, რომ აცრის შემდეგ ადამიანს 1-2 გამოსასვლელი დღე მიეცეს

„დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ახლად აცრილი ადამიანი 1 ან 2 დღით სახლში იყოს. მაგალითად ჩვენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, 2 გამოსასვლელ დღეს ვაძლევთ იმ ადამიანს, რომელიც აიცრება. ჩვენთან დასაქმებულთა 61 პროცენტი აცრილია და აგვისტოს ბოლოსთვის გვინდა, რომ 80-85 პროცენტზე ავიდეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გარდა ამისა, მან ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობისთვის დაგეგმილ წამახალისებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სრულად ვაქცინირებულებისთვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს.

"ვაქცინაციის გააქტიურებისთვის სხვადასხვა წამახალისებელ ღონისძიებაზე მიდის საუბარი, მათ შორის ლატარიაზე. ბევრნაირ წამახალისებელ ღონისძიებაზეა საუბარი. იმუნიზაციის გეგმაშიც გვაქვს ეს დაწერილი და მერე რეკომენდაციებიც წარვადგინეთ საბჭოზე.

ორჯერ აცრილთათვის გარკვეული შეღავათები უნდა იყოს - ისინი უფრო მარტივად მიიღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის სრული ჩამონათვალი გვაქვს, თუმცა ეს დამოკიდებულია დამსაქმებლებზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები. დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, ამიტომ მათ ვთხოვთ, რომ მეტი წახალისება მისცენ აცრებს. მათ შეიძლება ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.