ირანში წყლის დეფიციტის გამო აქციებს მსხვერპლი მოჰყვა

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ დღეს განაცხადა, რომ წყლის კრიზისი გამო ქუჩაში გამოსულ ირანელებს ვერ დაადანაშაულებს და მოუწოდა მაღალჩინოსნებს, მოაგვარონ ეს პრობლემა.

„მადლობა ღმერთს, ყველა სააგენტო, სამთავრობო და არასამთავრობო, მუშაობს წყლის კრიზისის მოსაგვარებლად და ამაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს მთელი სერიოზულობით“, - აღნიშნა ალი ხამენეიმ.

საპროტესტო აქციები წყლის დეფიციტის გამო დაიწყო ირანის სამხრეთ-დასავლეთით, სადაც არეულობის დროს ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, შვიდი ადამიანი კი დაიჭრა“, - იტყობინება Reuters-ი პოლიციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, რომელიც მომხდარში ადანაშაულებს „კონტრ რევოლუციონერებს“. მსხვერპლთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობები ვრცელდება.

Amnesty International- მა განაცხადა, რომ მინიმუმ რვა ადამიანია დაღუპული ერთი კვირის განმავლობაში განხორციელებული დარბევის დროს.

ორგანიზაციის ხელთ არსებული ცნობები ასევე მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს სასიკვდილო იარაღი და ცრემლმდენი გაზი პროტესტის დასაშლელად.

ირანში ბოლო 50 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გვალვაა, რამაც დარტყმა მიაყენა სოფლის მეურნეობას და კაშხლები წყლის გარეშე დატოვა. არაერთ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხდა.

ხუზისტანის პროვინციაში დემონსტრაციები 15 ივლისს დაიწყო. ირანის ეკონომიკაზე აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები და COVID-19 პანდემია ახდენს გავლენას.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ბევრი ჰიდროელექტროსადგური არ მუშაობს, ელექტროენერგიის მოხმარება კი გაიზარდა ზაფხულის სიცხის გამო.