აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) 100-მდე თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები "ჰავანის სინდრომით არიან დაავადებულები", სულ, ამერიკის 200-მდე ოფიციალურ პირს გამოუვლინდა ეს სინდრომი, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორმა, უილიამ ბარნსიმ განაცხადა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბარნსიმ ეროვნულ საზოგადოებრივ რადიოსთან (NPR) ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან გააძლიერა მისი სააგენტოს მცდელობები, დაადგინოს სინდრომის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები. მისი თქმით, გამოძიებაში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო გუნდის წევრებიც, რომელთა რაოდენობაც მომხდარის შემდეგ სამჯერ გაზარდა.
როგორც Reuters-ი წერს, "ჰავანის სინდრომი" უწოდეს დაავადებას, რომელიც თავბრუსხვევით, გულისრევით, თავის ტკივილებითა და მეხსიერების პრობლემებით მიმდინარეობს. სამედიცინო ტერმინი გამოიყენება 2016 წლიდან, როდესაც კუბის დედაქალაქ ჰავანაში მყოფმა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა პირველად განაცხადეს და თან ერთდროულად, ამგვარი სიმპტომების ქონის შესახებ.
ბერნსმა აღნიშნა, რომ დეკემბერში აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის კოლეგიამ დაადგინა, რომ სარწმუნოა თეორია, რომლის მიხედვითაც სინდრომი შესაძლოა "მართული ენერგიის გამოსხივებას" გამოეწვია.
CIA-ის დირექტორის თქმით, "არსებობს დიდი ალბათობა იმისა", რომ ჰავანის სინდრომი ხელოვნურად იყოს გამოწვეული და ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრებოდეს. თუმცა, ბარნსი ამბობს, რომ გამოძიების დასრულებამდე მას არ სურს საბოლოო დასკვნების გამოტანა.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვი აღნიშნულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.