ჯანმო კორონავირუსის წარმოშობის შესასწავლად ქვეყნებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ყველა ქვეყანას მოუწოდა, კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად გაერთიანდნენ და ერთად იმუშაონ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

COVID-19- ით ადამიანის ინფიცირების შემთხვევები პირველად ჩინეთის ცენტრალურ ქალაქ უხანში, 2019 წლის დეკემბერში დაფიქსირდა. ჩინეთმა არაერთხელ უარყო თეორიები იმის შესახებ, რომ ვირუსმა მის ერთ - ერთ ლაბორატორიაში გაჟონა. ჩინეთმა მის ტერიტორიაზე მდებარე ლაბორატორიებსა და სავაჭრო ბაზრებში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი თქვა.

ჯანმომ ჩინეთის მთავრობას ამ მიზნით მარტის თვეში დაწყებული კვლევების გაგრძელება შესთავაზა, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეს შეთავაზება არ მიიღო.

"ყველა უნდა ვეცადოთ, გავიგოთ, თუ როგორ მოხვდა ეს პათოგენი ადამიანთა პოპულაციაში. ქვეყნებს ნამდვილად აქვთ პასუხისმგებლობა, ითანამშრომლონ ერთმანეთთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან", - განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა ჯგუფმა ჩინელ მეცნიერებთან ერთად ოთხი კვირა გაატარა ჩინეთის უჰანსა და მის შემოგარენში. მარტში გამოქვეყნებულ ერთობლივ ანგარიშში მითითებული იყო, რომ ეს ვირუსი ადამიანებში ღამურადან სხვა ცხოველზე გადაცემის შემდეგ გავრცელდა, მაგრამ საჭიროა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, ვირუსის შესახებ კვლევების საფუძვლიან ჩატარებას ხელი შეუშალა გავრცელების პირველ დღეებში მონაცემთა ნაკლებობამ.