„მოხარული ვართ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ქართველ ხალხს სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინები საჩუქრად გადავცეთ", - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა თბილისის საერთშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც შტატების მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემულ Pfizer-ის ვაქცინის ტვირთს დახვდა.
ელჩის თქმით, Pfizer-ის ვაქცინის 500 000 დოზის ჩამოსვლა საქართველოში, არის ამერიკის მთავრობის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვაქცინის გლობალური განაწილების ინიციატივის ფარგლებში.
როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინები დაემატება იმ 27 მილიონი დოლარის დახმარებას, რასაც შეერთებული შტატების მთავრობა უწევს საქართველოს პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად, მათ შორისაა: ვაქცინის შესანახი განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურაზე მომუშავე სამი მაცივარი.
26 000 PCR ტესტირების აღჭურვილობა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებისთვის. დახმარება რეაგენტებით ვირუსის ახალი შტამების დადგენა-მოკვლევისთვის. ჟანგბადის წარმომქმნელი აგრეგატი თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოსთვის, რომელიც 300 პაციენტზე საკმარისი რაოდენობის ჟანგბადს უზრუნველყოფს. ინტერნეტ კომუნიკაცია რეგიონებში ათასზე მეტი კლინიკისთვის, რომელიც სამედიცინო პერსონალის ტრენინგებსა და უახლეს ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. სადეზინფექციო სითხეები, ხელთათმანები, ნიღბები, თერმომეტრები და სხვა მარაგები სკოლებისა და ბაღებისთვის.
,,მოხარული ვარ, რომ ამერიკელი ხალხის სახელით, დავხვდი Covid19-ის საწინააღმდეგო, სიცოცხლის გადამრჩენელი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინის ჩამოსვლას. ეს არის საჩუქარი ქართველი ხალხისთვის პრეზიდენტ ბაიდენისგან და ამერიკის მთავრობისგან, ჩვენი მეგობრობის ნიშნად. ეს იმ 9 მილიონიან დახმარებას ემატება, რომელიც შეერთებულმა შტატებმა გაუწია საქართველოს პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად. მოხარული ვართ, გადმოგცეთ ეს ვაქცინა, როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი. პანდემიის დასაწყისიდანვე, აშშ-მა მხარი დაუჭირა ძალისხმევას საქართველოში, ქართველი ხალხის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ახლა შეგვიძლია იმის უზრუნველყოფა, რასაც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლა ნამდვილად შეუძლია – ეს გახლავთ უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საქართველოში ვაქცინაცია ეკუთვნის, ისარგებლონ ამ შემთხვევით და აიცრან სწრაფად, რადგან ეს გახლავთ საუკეთესო გზა თქვენი და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების ჯანმრთელობის დასაცავად და ამასთან, ეს არის ერთადერთი გზა ეკონომიკის აღსადგენად. მე უკვე გავიკეთე Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა და აშშ-ის საელჩოს თითქმის სრული გუნდი უკვე აიცრა Pfizer-ით. გირჩევთ, მოგიწოდებთ, თქვენც აიცრათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შეერთებული შტატები ქვეყნის შიგნით COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელებასთან ერთად, პანდემიის დასრულებისთვის ძალისხმევას არ იშურებს მსოფლიოს მასშტაბითაც. პრეზიდენტმა ბაიდენმა პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები იქნება ვაქცინების არსენალი მსოფლიოსთვის. შეერთებული შტატები მსოფლიოში პანდემიის დასაძლევად თავისი დემოკრატიის ძალას, ამერიკელი მეცნიერების ინოვაციურობასა და წარმოების შესაძლებლობებს იყენებს.
3 ივნისს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აშშ გაუზიარებდა ვაქცინას პარტნიორ ქვეყანას, საქართველოს, იმ ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკის ვაქცინის მარაგებიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის 80 მილიონი დოზის საჩუქრად გადაცემას გლობალური პანდემიის დასრულების მხარდასაჭერად. ვაქცინა არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთო გლობალური სტრატეგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც წინ მიუძღვის COVID-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას. ეს მოიცავს გადაუდებელი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მხარდაჭერას, ვირუსის გავრცელების შეჩერებასა და მსოფლიო საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაძლიერებას.
ბოლო 20 წლის განმავლობაში ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს საზოგადოებრივ ჯანდაცვას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების (CDC), თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოსა (DTRA) და სხვა სააგენტოების მეშვეობით.
Pfizer-ის ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია