საქართველომ ლიეტუვასგან საჩუქრად მიიღო Astazeneca-ს 15 000 დოზა. ვაქცინები თბილისის აეროპორტში 2021 წლის 24 ივლისს ჩამოვიდა. ტვირთს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე საულიუს ვალაინისი დახვდნენ. ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.
ლიეტუვას მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი წევრ სახელმწიფოს - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას გადასცეს.
ვაქცინებისთვის ლიეტუვას მთავრობას მადლობა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სოციალური ქსელის საშუალებით გადაუხადა.
,,ლიეტუვას მთავრობის მიერ გამოყოფილი, Astazeneca-ს 15 000 დოზა ახლახანს ჩამოვიდა თბილისში. უღრმესი მადლობა ჩემს კოლეგას, გაბრიელიუს ლანდსბერგისს და თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროცესში მტკიცე მხარდაჭერისა და დროული დახმარებისთვის!" - წერია ზალკალიანის მიერ Twitter-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში.
საულიუს ვალაინისი საქართველოს წარმატებას უსურვებს ვირუსთან ბრძოლაში
,,მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის უნდა ეხმარებოდნენ. ეს პატარა საჩუქარია, თუმცა ლიეტუვამ ის მთელი გულით გადმოგცათ. სიძლიერე და ერთობა - ერთ დროს ეს წარწერა იყო ლიეტუვურ მონეტებზე. მოდით ვიყოთ ერთად, მოდით ვიყოთ მეგობრები მომავალშიც. ჩვენ საქართველოს წარმატებას ვუსურვებთ ჩვენი საერთო მტრის - ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში", - წერს საქართველოში ლიეტუვას ელჩის მოადგილე Twitter-ზე.