კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება. ამის შესახებ დღეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე გახდა ცნობილი.
სხდომის ფარგლებში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის გადაწყვეტილებაც მიიღეს.
შსს სამინისტროს ცნობით კი, დღევანდელ სხდომას კომისიის თავმჯდომარე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უძღვებოდა. სხდომაზე ეროვნული დონის ორი კონცეპტუალური დოკუმენტის დამტკიცების საკითხი განიხილეს.
„დღის წესრიგის თანახმად, პირველ საკითხად განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შექმნილი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში შემუშავებული, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2021-2024 წლების ეროვნული სტრატეგიისა და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები.
სხდომის ფარგლებში, მეორე საკითხად განიხილეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში შექმნილი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტები.
,,სხდომაზე მომხსენებლებად გამოვიდნენ: კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სერგო თურმანიძე და კომისიის წევრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე. მომხსენებლებმა სხდომის მონაწილეებს შესაბამისი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების პროექტები გააცნეს და მათი შემუშავების პროცესთან დაკავშირებით, სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს.
სხდომაში მონაწილეობდნენ უწყებათშორისი კომისიის წევრები: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი; საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი; საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია; საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, ამ ორი დოკუმენტის მთავრობისთვის დასამტკიცებლად გადაგზავნის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც სწორედ კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის დამტკიცების საკითხები განიხილეს.
საბჭომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლების საკითხიც განიხილა. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის პირველადი ვერსია სექტორულ უწყებებს დაეგზავნა და მათთან თანხმდება, რის შემდეგაც, ის საშემოდგომო სესიაზე, პარლამენტს წარედგინება.