ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, საიდ ხატიბზადეს განცხადებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ინციდენტების საპასუხოდ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მიღწევა აუცილებელია.
ხატიბზადემ მხარეებს სასაზღვრო დავებთან დაკავშირებით თავშეკავებისკენ და მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა და აქვე იმედგაცრუება გამოხატა საზღვარზე რამდენიმე ადამიანის დაღუპვის გამო.
მისი თქმით, რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად ირანი ნებისმიერი დახმარების შესათავაზებლად მზადაა.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის სახელმწიფოს საზღვრის ქელბაჯარის მონაკვეთზე ვითარება ისევ დაიძაბა. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დაპირისპირებას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.
პროვოკაციაში ადანაშაულებს აზერბაიჯანს სომხეთიც. ქვეყნის თვადაცვის უწყებაში ამბობენ, რომ ცეცხლი ჯერ აზერბაიჯანულმა მხარემ გახსნა, რის შემდეგადაც დაიჭრა 3 სომეხი სამხედრო.