ლტოლვილთა ბანაკიდან ბრინჯაოს მედლამდე - ლუკა მხეიძემ საფრანგეთს ტოკიოში პირველი ოლიმპიური ჯილდო მოუტანა

ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ საფრანგეთს პირველი ოლიმპიური, ბრინჯაოს მედალი მოუტანა ტოკიოს ოლიმპიადაზე.

60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მხეიძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სამხრეთ კორეელ კიმ ვონ ჯინი დაამარცხა.

„ძალიან, ძალიან ამაყი ვარ. სიმართლე გითხრათ, მე ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ მე ეს შევძელი. ბავშვობიდან ვფიქრობდი ამ მომენტზე, ჩემი ცხოვრების გზა, რომელიც გავიარე, ის არის, რაც მაძლევდა სტიმულს, მებრძოლა ყოველდღე“, - ამბობს ლუკა მხეიძე.

ფრანგული მედია იმ გზაზე წერს, რომელზეც სპორტსმენმა თავის სიტყვაში მიანიშნა.

„პოლონეთში, ლტოლვილთა ბანაკში შვიდი წლის იყო, როდესაც მამამ ძიუდოს სწავლა აიძულა. ის ძალიან ნიჭიერია, 12 წლის ასაკში გახდა ჩემპიონი, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა 2009 წელს. სიღარიბის ზღვარზე მყოფმა ოჯახმა საქართველო დატოვა. ჯერ ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, შემდეგ მატარებლით წავიდა პოლონეთში, სადაც ლტოლვილთა ბანაკში აღმოჩნდნენ. 2010 წლის მარტში ლუკა მხეიძემ და მისმა ოჯახმა საფრანგეთში ჩასვლა შეძლეს. მრავალი დაბრკოლების შემდეგ, ქართველი სპორტსმენის კარიერაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმჟამინდელმა პრემიერმა ედუარდ ფილიპმა. მან ლუკა მხეიძისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის მინიჭებას შეუწყო ხელი“, - წერს ფრანგული მედია.

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ჰავრის ყოფილი მერი, ედუარდ ფილიპი, რომლის დახმარებითაც ლუკა მხეიძემ 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო, დღეს Twitter-ზე გამოეხმაურა ლუკა მხეიძის ამ წარმატებას. "ბრავო ლუკა, ფრანგების და ჰავრის სიამაყე ხარ”, - წერს ედუარდ ფილიპი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კი წერს:

„ოლიმპიური თამაშები შესანიშნავი ადამიანური ისტორიებია. ლუკა მხეიძემ, რომელიც საქართველოში დაიბადა და 2015 წელს საფრანგეთის მოქალაქე გახდა, საფრანგეთს ტოკიოში პირველი მედალი მოუტანა. ამაყია ქვეყანა, რომელიც მან აირჩია.

თავის მხრივ, ფაქტს ტექსტი მიუძღვნა საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა.

„საფრანგეთს ძიუდოისტმა ლუკა მხეიძემ პირველი მედალი მოუტანა ოლიმპიადაზე. გილოცავთ! ლუკა მხეიძე თბილისშია დაბადებული. ეს ნამდვილად კარგი ნიშანია საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობებისთვის“, - წერს დიეგო კოლასი Twitter-ზე.