კორონავირუსის დადასტურების გამო, მოცურავე მარიამ იმნაძე ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს

კორონავირუსის დადასტურების გამო, მოცურავე მარიამ იმნაძე ოლიმპიურ თამაშებზე ვერ იასპარეზებს. ამის შესახებ ინფორმაციას ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მარიამ იმნაძემ PCR ტესტი, თბილისში, გაფრენის წინ გაიკეთა.

"გამოფრენის წინ, თბილისში აღებული PCR ტესტით მოცურავე მარიამ იმნაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა და სამწუხაროდ, არსებული რეგულაციების გამო, ის ოლიმპიადაზე ვერ იასპარეზებს. ყველაფერი ვცადეთ, რომ მას ეასპარეზა და იქნებ, შემდგომი ტესტი ყოფილიყო უარყოფითი, მაგრამ ეს არ მოხერხდა, რადგან რეგულაციები ძალიან გამკაცრებულია. შესაბამისად, მარიამი დააკლდება საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარმა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები პარასკევს გაიხსნა, შეჯიბრებები კი 24 ივლისიდან 7 აგვისტოს პერიოდში გაიმართება.