ღარიბაშვილი: ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგება უპასუხისმგებლო აქციების შედეგია

ბოლო ორ კვირაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაორმაგებას პრემიერ-მინისტრი „უპასუხისმგებლო აქციებს“ უკავშირებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან მოუწოდა მოსახლეობას, გამოიჩინონ ყურადღება, სიფრთხილე, პასუხისმგებლობით მოეკიდნონ აქტივობას და ნებისმიერ შეკრებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს.

„ჩვენი ქვეყანა ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს; ჩვენ ავირჩიეთ სხვა გზა - ეს არის მართვის გზა; ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვმართოთ ეპიდემია ეფექტიანად. ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ვეღარ გაუძლებს ახალ ჩაკეტვებს, არც „ლოკდაუნი“, არც ეს შეზღუდვები არ იქნება გამართლებული, უფრო მეტიც, ეს იქნება პირდაპირ დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკითვის, ეს გამოიწვევს იმას, რომ დამატებით უნდა ავიღოთ რამდენიმე მილიარდი დოლარი, თუ ლარი ვალის სახით, რაც, რა თქმა უნდა, შემდეგ გახდება ჩვენი მოქალაქეების გადასახდელი“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მან მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა ვაქცინაციისკენ და განაცხადა, რომ საზოგადოებამ უნდა დაუჯეროს მეცნიერებას და არა Facebook-ზე და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ დეზინფორმაციას.

„ამიტომ, მეგობრებო და ძვირფასო მოქალაქენო, ეს რომ არ განმეორდეს და ამის გაკეთება რომ არ მოგვიწიოს, გთხოვთ ყველას, რომ ჩავიტაროთ ვაქცინაცია, რომელიც არის უსაფრთხო და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი, რომ ჩვენ უნდა დავუჯეროთ მეცნიერებს და არა Facebook-ის და სხვადასხვა საშუალებით გავრცელებულ ათას დეზინფორმაციას და ტყუილს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩემი დავალებით, ბოლო რამდენიმე დღეა, აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო. ჩემი სურვილია, რა თქმა უნდა, ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა, ყველა სოფელში ეტაპობრივად ჩავიტანოთ ვაქცინები, რათა მოსახლეობას ადგილზე ჰქონდეს შესაძლებლობა, ჩაიტარონ აცრები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 264 ადამიანს დაუდასტურდა, 1 665 გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 ინფიცირებული გარდაიცვალა.