კოვიდრეგულაციების დამრღვევებს სულ 76 მლნ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა ჩამოეწერებათ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევებისთვის ამნისტიის შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, მთვარობის ინიციატივით, დაახლოებით 245 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება 76 მილიონ ლარამდე გადაუხდელი ჯარიმა.

მათ ვინც 2021 წლის 23 ივნისამდე დაარღვია იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, პირბადის ტარების წესის და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, იქნება ეს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები, თუ სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები, ყველას ამნისტია შეეხება.

„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან - ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

პრემიერმა ღარიბაშვილმა 24 ივნისს განაცხადა, რომ კოვიდრეგულაციების დამრღვევები ჯარიმებისგან გათავისუფლდებიან.