„მტკიცე სული 2021“, რომელშიც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნები მონაწილეობენ, დღეს დაიწყო

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2021“ (Agile Spirit 2021), რომელიც წელს საიუბილეოა და მას საქართველო უკვე მეათედ მასპინძლობს, ოფიციალურად დღეიდან დაიწყო. საერთაშორისო წვრთნების გახსნის ცერემონიალი სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა.

სამწყობრო მოედანზე მოწყობილ სწავლებაში მონაწილე NATO-ს წევრი 12 და 3 პარტნიორი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ერთობლივი წვრთნებით კიდევ უფრო გაღრმავდება მონაწილე ქვეყნების სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობა და საბრძოლო შესაძლებლობები.

მინისტრის თქმით, ეს ზრდის NATO-ს ყოფნას საქართველოში და ხელს უწყობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

Agile Spirit 2021-ის გახსნას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები და წვრთნებში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები დაესწრნენ.

Agile Spirit 2021 საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის სარდლობის ორგანიზებით იმართება, რომელსაც დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო წვრთნები საქართველოში 6 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და ხუთ ლოკაციაზე გაიშლება. წვრთნები NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწასა და გაძლიერებას, ასევე მრავალეროვნული მზადყოფნისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

Agile Spirit 2021-ში მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში ჩამოვიდნენ

უკრაინელი სამხედროები Agile Spirit 2021-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში გემით ჩამოვიდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალები მრავალეროვნული სამხედრო სწავლებისთვის Agile Spirit 2021-ისთვის ემზადება