დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე შესაძლოა სანქციები დაწესდეს

ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე დეპუტატის მიერ კოლეგის შეურაცხყოფაზე სანქციის დაწესების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრს ასეთი ქმედების გამო სხდომათა დარბაზში შესვლა უნდა აეკრძალოს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ქუჩაში ხატია დეკანოიძეზე მომხდარი თავდასხმა იმის გაგრძელდება იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ხდებოდა.

"როცა ადამიანებმა დაინახეს, რომ ხატიას კოლეგები თავს დაესხნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, მათაც იგივე გააკეთეს. როგორც გაიგდეს ფეხქვეშ გიორგი ვაშაძე ხუთმა კაცმა... ამის შეფასება არც ერთი კოლეგისგან არ მინახავს. კოლეგაზე ხელის მოქნევა, დედის გინება იმდაგვარად დასჯადი უნდა იყოს, რომ ამის ჩამდენი ბიუროს ოთახში და პარლამენტის დარბაზში აღარ უნდა შემოდიოდეს. შემოვიდეს ასეთი სანქცია! ჩვენ ადამიანებს თავშეკავების, მიტევების და შერიგების მაგალითს უნდა ვაძლევდეთ, მაგრამ ვაძლევთ აგრესიის, თავდასხმის, განსხვავებული აზრის შეუწყნარებლობის მაგალითს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის ინიციატივას მხარი დაუჭირა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.

"აგვისტო საკმარისი დროა, რომ კანონპროექტი მომზადდეს. კარგია, რომ აქამდე ნელ-ნელა მივდივართ. მისი მიღების წინააღმდეგი არავინ იქნება", - განაცხადა კუჭავამ.