2021 წელს ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების ”უპრეცედენტო” რაოდენობა დაიღუპება ან დაიჭრება, თუ საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. აღნიშნილია ავღანეთში გაეროს მისიის განცხადებაში.
გაეროს ორწლიან ანგარიშში ნათქვამია, რომ გაეროს მისია ავღანეთში წელს ელოდება ყველაზე მეტ სამოქალაქო მსხვერპლს, 2009 წლის შემდეგ.
„2021 წლის პირველ ნახევარში ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლმა რეკორდულ დონეს მიაღწია, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი განსაკუთერებით მაისის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, როდესაც საერთაშორისო ძალებმა გასვლა დაიწყეს და „თალიბანი“ შეტევაზე გადავიდა“, - ნათქვამია ავღანეთში გაეროს მისიის განცხადებაში.
ანგარიშში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ავღანეთში მშვიდობიან მოსახლეობას შორის დაღუპულთა და სერიოზულად დაშავებულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, თუ ძალადობის ესკალაციის ჩახშობა არ მოხდება.
„დაჟინებით მოვუწოდებ „თალიბანისა“ და ავღანეთის ლიდერებს, გაითვალისწინონ კონფლიქტის მწვავე და საშიში ტრაექტორია და მისი დამანგრეველი გავლენა მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - განაცხადა ავღანეთში გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა, დებორა ლიონსმა.
ცნობისთვის, ავღანეთში გაეროს მისიის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ნახევარში, 1 659 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 3 254 - დაშავდა, რაც 42%-იანი ზრდაა 2020 წლის პირველ ნახევართან შედარებით.