კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტისგან დაცვის მიზნით, ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს.
როგორც Reuters-ი წერს, ისრაელის ჯანდაცვის უწყების მონაცემებით, „დელტა“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, კოვიდჰოსპიტალიზაციის შემთხვევების 60% ვაქცინირებულ პირებზე მოდის. მათი უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია და ხშირად ჯანმრთელობის სხვა პრობლემებიც აქვთ.
„ეს დიდი დილემაა. გადაწყვეტილების მიღება ჩვენზეა დამოკიდებული მაშინ, როდესაც მსოფლიოს მხარდაჭერა არ გვაქვს. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ერთი მხრივ, გვსურს დავინახოთ, რომ ეს უსაფრთხო და ეფექტურია და დავეყრდნოთ ჩვენს მონაცემებს, თუ რამდენად მცირდება იმუნიტეტი, ხოლო მეორე მხრივ, არსებობს ეპიდემიის აფეთქება და ჩვენ გვსურს ეს აფეთქება შევაჩეროთ“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს გენერალურმა დირექტორმა, ნახმან აშმა.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად აშშ-ისა და ევროკავშირის შესაბამისი უწყებები განიხილავენ, საჭიროა თუ არა გამაძლიერებელი დოზები კონკრეტული რისკ-ჯგუფებისთვის.