აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს წლის ბოლომდე დატოვებენ

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, აშშ-ის საბრძოლო ძალები ერაყს მიმდინარე წლის ბოლომდე დატოვებენ, თუმცა ამერიკელი ჯარისკაცები ერაყელი სამხედროების წვრთნასა და მათთვის რჩევების მიცემას განაგრძობენ.

როგორც BBC წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ერაყის პრემიერ-მინისტრ მუსტაფა ალ-კადიმთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი როლი ერაყში იქნება ის, რომ გავაგრძელებთ ტრენინგს და დახმარებას. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, რომ წლის ბოლოსთვის საბრძოლო მისიაში ვიყოთ. ჩვენი ანტიტერორისტული თანამშრომლობა გაგრძელდება მაშინაც კი, როდესაც ამ ახალ ეტაპზე გადავალთ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

2003 წელს საერთაშორისო კოალიციის ძალები, აშშ-ის მეთაურობით, ერაყში შევიდნენ სადამ ჰუსეინის რეჟიმის დასამხობად და მასობრივი განადგურების იარაღის აღმოსაფხვრელად, რომლის არსებობაც არ დადასტურდა.

აშშ-მა ერაყიდან საბრძოლო ჯარები 2011 წელს გაიყვანა, თუმცა, 3 წლის შემდეგ, ერაყის მთავრობის თხოვნით, კვლავ შეიყვანა, ვინაიდან ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში სწრაფად გააქტიურდნენ.

2017 წელს ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ (დაეში) სამხედრო მარცხის შემდეგ, აშშ-ის ძალები ქვეყენაში მათი კვლავ აღზევების თავიდან ასაცილებლად დარჩნენ. ამჟამად ერაყში 2 500 ამერიკელი სამხედრო იმყოფება.