ამირან გამყრელიძე: ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა

,,ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაცია მთლიანად მსოფლიოში არაერთგვაროვანია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა ოდენობა მატულობს, ასევე, ბოლო ორი კვირის განმავლობაშიც. სამწუხაროდ, სიკვდილობის მაჩვენებელიც მომატებულია. საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. დღეს გვაქვს ახალი 3666 შემთხვევა. სულ ქვეყანაში კი 25 844 აქტიური შემთხვევაა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 17 ადამიანი. სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი კი 1.4.% -ია. ყველა პარამეტრი, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, სამწუხაროდ, გაუარესებულია. დადებითობის მაჩვენებელი 6%-ის ფარგლებში მერყეობს. ახლა მეტი გვაქვს ინფიცირება, ვიდრე მაისში, მესამე ტალღის პიკზე გვქონდა და ვართ 50-60 პროცენტამდე, რაც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე, ნოემბრის ბოლოს დეკემბრის დასაწყისში. განსხვავება არის ერთი - დღეს ქვეყანაში ხელმისაწვდომია ვაქცინები“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.