ეპიდვითარების გართულების გამო, საავადმყოფოებში ე.წ. გეგმური სერვისები შეჩერდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების გართულების გამო, ჯანდაცვის მინისტრის მითითებით, ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში გაჩერდა და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან. ამის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს საავადმყოფოებში არის 5 000-ზე მეტი ადამიანი. ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ამ დაწოლას უძლებს. პიკის დროს დაახლოებით ნოემბერში ჩვენ გვქონდა 7-8 ათასი საწოლი გაშლილი, ამიტომ რესურსი ჯანდაცვის სისტემას ჯერჯერობით, საწოლფონდთან დაკავშირებით აქვს, თუმცა რთულია, მაგრამ აქვს. დაძაბულობაა სასწრაფოს გამოძახების, იგივე მოთავსებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თბილისში, მაგრამ ყოველდღიურად ახალი საწოლების რაოდენობა ემატება სხვადასხვა კლინიკაში. გუშინ ჯანდაცვის მინისტრის მითითებით გაჩერდა ე.წ. გეგმური სერვისები საავადმყოფოებში და საავადმყოფოები ურგენტულ სერვისებზე გადადიან და შესაბამისად მოხდება საწოლფონდის კიდევ უფრო გამოთავისუფლება“ , - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 666 ადამიანს დაუდასტურდა, 1 335 გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 ინფიცირებული გარდაიცვალა.