ისრაელის პარლამენტის იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა დიდი ბრიტანეთის, კვიპროსის, თურქეთისა და საქართველოს ე.წ. წითელ ზონაში შეყვანის შესახებ კენჭისყრა გადადო.
იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტეტის თავმჯდომარემ, გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა.
„შეუძლებელია აღნიშნული სიის გაფართოება მანამ, სანამ თავად ისრაელში არ განისაზღვრება შესაბამისი ზომები და აღსრულების მექანიზმები“, - განაცხადა მან.
კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე შემდეგ ქვეყნებს განიხილავს: არგენტინა, ბელარუსი, ბრაზილია, ინდოეთი, მექსიკა, რუსეთი, ესპანეთი, სამხრეთ აფრიკა და უზბეკეთი.
შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ „წითელი“ ქვეყნების სიაში უნდა გადასულყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ, ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.