კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის

სამეცნიერო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, AstraZeneca-ს ვაქცინის მეორე დოზა სისხლის შედედების იშვიათი შემთხვევების რისკს არ ზრდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის სავარაუდო მაჩვენებელი ვაქცინის მეორე დოზის შემდეგ მილიონ ვაქცინირებულზე 2.3-ს შეადგენდა, რაც არავაქცინირებულ ადამიანებში არსებული მაჩვენებლის მსგავსია.

შედარებისთვის, ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ აღნიშნული მაჩვენებელი 8.1-ს შეადგენდა.

მიმდინარე წლის მარტიდან ევროკავშირის მარეგულირებელი თრომბოციტოპენიის სინდრომით თრომბოზის შემთხვევებს სწავლობს და AstraZeneca-სა და Johnson & Johnson-ის ვაქცინებთან შესაძლო კავშირი დაადგინა.

ამასთან, ევროპის წამლის სააგენტო აღნიშნავს, რომ ორივე ვაქცინის სარგებელი აღემატება მათ მიერ წარმოქმნილ შესაძლო რისკებს.