ჯანდაცვის მინისტრი: გეგმური ოპერაციები შეწყდა, რათა კლინიკებს ოპერაციების ჩატარების ცდუნება არ ჰქონოდათ

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გეგმური ოპერაციების შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ოპერაციები დადგენილებით შეწყდა, რომ კლინიკებს არ ჰქონოდათ ცდუნება, ოპერაციები ჩაატარონ.

მინისტრი არ გამორიცხავს, რომ კლინიკებმა ჩაატარონ ოპერაციები და ქვეყნის საჭიროებებზე უარი თქვან. ეკატერინე ტიკარაძემ არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა.

"ჩვენი ბერკეტი არის იმ რესურსების მობილიზება, რომელიც ქვეყანაშია. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ყოველდღიურ რეჟიმში, დაახლოებით, 300 საწოლს ვამატებთ იმ საავადმყოფოების ხარჯზე, რომელიც საქართველოში არსებობს. მეორე ტალღის დროს ეფექტიანად გამოვიყენეთ სასტუმროები და, დღესდღეობით, ეკონომიკის სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უნდა განახორციელონ სასტუმროების საწოლფონდის მობილიზება, რათა ადეკვატურად შევძლოთ პაციენტების მართვა და ამ მიმართულებით მიდის მუშაობა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, დამატებით მობილიზებულია ონლაინ-კლინიკა, რომელიც, დაახლოებით, 20 ათასამდე პაციენტს მართავს ბინაზე.

რატომ გახდა საჭირო საწოლების მობილიზება ახლა და რატომ არ იყო სამინისტრო მზად ამისთვის აქამდე, ამ კითხვით ჟურნალისტებმა მინისტრს მიმართეს.

„მაღალ დანახარჯებზეა საუბარი; მნიშვნელოვანია რაციონალური მართვა და რაციონალური მობილიზაცია. მე მახსოვს, როცა მეორე ტალღის დროს მოვახდინეთ საწოლფონდის მაღალი მობილიზაცია, ხარჯები ძალიან ხშირად გახდა მედიის მხრიდან კრიტიკის საფუძველი.

აქედან გამომდინარე, ყველაფერი არის ეტაპობრივი და დაყრდნობილია საჭიროებაზე. არც ერთი პაციენტი გარეთ არ დარჩენილა. ზუსტად ვიცით, რა მოლოდინი გვაქვს შემდეგ და ეტაპობრივად ემზადება სექტორი; როცა არ არის საჭირო საწოლების მობილიზება, საწოლები მობილიზებული არ უნდა იყოს. სექტორი არის გაფრთხილებული და ამ გაფრთხილების შედეგად, მათ აქვთ უნარი, რომ 24-დან 72 საათის განმავლობაში მოგვაწოდონ ინფორმაცია საჭიროების შესახებ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ეპიდვითარების გართულების გამო, საავადმყოფოებში ე.წ. გეგმური სერვისები შეჩერდა.