ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ,,მნიშვნელოვანი უკუსვლაა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე“.
,,ქართული ოცნების გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არის ნაბიჯი უკიდურესი პოლარიზაციისკენ და მნიშვნელოვანი უკუსვლა ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე. პასუხისმგებლობა მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე ეკისრება პირველ რიგში ქართული ოცნების ხელმძღვანელობას; თუმცა, ნაციონალური მოძრაობაც, რომელმაც ხელშეკრულებაზე არმიერთებით საშუალება მისცა მმართველ პარტიას, უარი ეთქვა აღებულ ვალდებულებებზე, ასევე პასუხისმგებელია იმ რეალობაზე, რომელშიც აღმოჩნდა ქვეყანა.
მიუხედავად იმისა, თუ რა გეგმები აქვს და როგორ მოქმედებს ესა თუ ის პოლიტიკური პარტია, სწორედ მმართველი პარტიის ვალდებულებაა პოზიტიური დღის წესრიგის შექმნა, რადიკალური ოპოზიციის ქმედების მიუხედავად, საერთაშორისო ვალდებულების შესრულება და ქვეყნის განვითარების შიდა და საგარეო ამოცანების გადაწყვეტის უზრუნველყოფა", - წერს კვირიკაშვილი Facebook გვერდზე.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.