დავით ზალკალიანი: ეს არ არის არანაირი რუსული სცენარი და არც დასავლურ მომავალზე უარის თქმა

საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ აპირებს მმართველი პარტია საერთაშორისო პარტიორებს განუმარტოს თუ რატომ გავიდა შეთანხმებიდან, ზალკალიანი პასუხობს:

,,ყველაფერი კარგად იქნება ახსნილი. არანაირი რუსული სცენარი არ არის. ეს ჩვენი საქმეა", - ამბობს მინისტრი.

მისივე თქმით, შეთანხმების ანულირება დასავლურ მომავალზე უარის თქმას არ ნიშნავს.

ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.