კარლ ბილდტი: სერიოზული და ღრმად დამაბნეველი მოვლენები ვითარდება საქართველოში - იანუკოვიჩს ბაძავენ?

,,ქართული ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას შვედეთის ყოფილი პრემიერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ეხმაურება.

„სერიოზული და ღრმად დამაბნეველი მოვლენები ვითარდება საქართველოში მმართველი პარტიის მიერ ევროკავშირის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით, დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე. იანუკოვიჩს ბაძავენ?“, – წერს Twitter-ზე ბილდტი.

ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.