ალბერტ ბურლა: Pfizer-ის კოვიდვაქცინის ეფექტიანობა ექვს თვეში 84%-ზე ჩამოდის

Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ალბერტ ბურლას განცხადებით, Pfizer-ის კოვიდვაქცინის ეფექტიანობა დროთა განმავლობაში მცირდება და მეორე დოზის გაკეთებიდან 4-6 თვის შემდეგ დაახლოებით 84%-ზე ჩამოდის.

როგორც CNBC-სთან საუბარში ბურლა აცხადებს, კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა ყველაზე მაღალი - 96.5% მეორე დოზის გაკეთების შემდეგ ერთი კვირიდან ორ თვემდე პერიოდშია. ყოველ ორ თვეში კი მისი ეფექტიანობა საშუალოდ 6%-ით მცირდება.

Pfizer-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელის ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევაში აშშ-ისა და სხვა ქვეყნების 44 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილება.

მისივე თქმით, კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.

ბურლა ასევე აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინის მესამე დოზა დელტა ვარიანტისგან დასაცავად ვაქცინირებულ ადამიანებში საჭირო იმუნურ დონეს შექმნის.

”კარგი ამბავი ის არის, რომ ჩვენ ძალიან, ძალიან დარწმუნებულნი ვართ, რომ მესამე დოზა, გამაძლიერებელი, შექმნის ისეთ იმუნურ დონეს, რაც საკმარისი იქნება დელტას ვარიანტისგან დასაცავად”, - ამბობს ბურლა.

კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელის თქმითვე, იშვიათი არაა ვაქცინების დროთა განმავლობაში ეფექტურობის დაქვეითება.

Pfizer-ი: ვაქცინის მესამე დოზით აცრა დელტა ვარიანტისგან დაცვას 100-ჯერ ზრდის​