ღარიბაშვილი: ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად - „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც ცალმხრივად იყო გაფორმებული; რეალურად, ეს კარგად იყო განმარტებული პარტიის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ჩვენ, 100 დღის განმავლობაში, პრაქტიკულად ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი რეფორმებს განაგრძობს.

„აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ საჯაროდ დავაფიქსირო ჩვენი მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი შიდა პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამის მიუხედავად, თქვენ ნახეთ, რომ სრულიად უპასუხისმგებლო დამოკიდებულება აჩვენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სააკაშვილის დავალებით.

კერძოდ, ყველაზე მთავარი აქტორი ვინც არის დღეს ოპოზიციური პარტიებიდან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა დანარჩენი პარტიების საერთო ჯამი მათი შედეგი არჩევნებში, შეადგენს 10%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური და ამავდროულად დესტრუქციული პარტიის პოზიცია. მათ შეგნებულად არ მოაწერეს ხელი შეთანხმებას, სრული იგნორი განახორციელეს, შეურაცხყოფა მიაყენეს ევროკავშირს, ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ყველა ვალდებულება შევასრულეთ ცალმხრივად. ეს ითქვა საჯაროდ და მინდა, აქვე დავადასტურო, რომ ჩვენი მხრიდან გაგრძელდება რეფორმები. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მიშელის განცხადებაც, აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას მოგიწოდოთ დამშვიდებისკენ. ჩვენ ახლა გვჭირდება განვითარება, ჩვენს მოსახელობას სჭირდება სტაბილურობა და განვითარება, რომელიც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".

„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.