„ის, რაც გააკეთა კულტურის მინისტრმა მიკროფონთან დაკავშირებით, რომ იტყვიან ჩვენი ძალიან დიდი გაოცება გამოიწვია, დაგვამუნჯა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად არ ახასიათებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს.
„ჩემი პირველი განცხადება გავაკეთე ჟურნალისტების სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ ასევე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჟურნალისტებმაც უნდა გადადგამ შესაბამისი ნაბიჯები. ნამდვილად ვერ გავამართლებ იმ ქმედებას, რომ მიკროფონი შეიძლება, მინისტრმა გამოგლიჯოს ხელიდან ჟურნალისტს, მაგრამ ჟურნალისტებმაც მაქსიმალური უნდა გააკეთონ, რათა პირადი ცხოვრების მომენტები დაიცვან პოლიტიკოსებისა. ბოლოს ვიტყვი, ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ მედიის თავისუფლება შეტევის ქვეშ აღმოჩნდა ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკინმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და ამ დრომდე არ დაუბრუნებია.