ჯანმოს დირექტორი: კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის უფრო მეტი ახალი ვარიანტი გაჩნდება, ვინაიდან ვირუსი მუტაციას განაგრძობს.

„ჯანმო გაფრთხილებით გამოვიდა, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა, ის იცვლებოდა და კვლავ განაგრძობს ცვლილებას. ჯერჯერობით, ოთხი შემაშფოთებელი ვარიანტი გაჩნდა და უფრო მეტი იქნება, სანამ ვირუსი გავრცელებას განაგრძობს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

გებრეიესუსის განაცხადებითვე, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს.

„გასულ კვირას, ჯანმომ კორონავირუსის თითქმის 4 მილიონი შემთხვევა დააფიქსირა და მიმდინარე ტენდენციის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ შემთხვევების საერთო რაოდენობა 200 მილიონს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გადააჭარბებს“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.