მიდგომა, კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, არასწორია - ზურაბ გურული

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული მიიჩნევს, რომ მიდგომა, კორონავირუსი ყველამ უნდა მოიხადოს, ყველა ასპექტით არასწორია.

"ეს არის უძლურებისა და სასოწარკვეთის ამოძახილი. მსოფლიო იმიტომ ქმნის ვაქცინას და წამლებს, რომ ასეთ პრიმიტიულ დანებებას არ შეეგუოს", – განაცხადა აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორმა, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურულმა.

მისივე თქმით, აშშ–ში კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად კლინიკების მზადება უკვე დაიწყეს.

"ორშაბათიდან ყველა კლინიკაში მკვეთრი ცვლილება დაიწყო, განსაკუთრებით ფედერალურ სამსახურებში და დიდ კლინიკებში, მივიღეთ სპეციალური ბრძანება, რომ კლინიკაში კორონავირუსის ვაქცინების მისაღებად მზადება დავიწყოთ. დარწმუნებული ვარ, პირველი Pfizer გამოაგზავნის ამერიკაში ვაქცინებს. ვფიქრობ, ამერიკაში დეკემბრის ბოლოსკენ დაიწყება აცრა და ეს იქნება ნებაყოფლობითი", – განაცხადა გურულმა.

ცნობისთვის: მიმდინარე თვეში კომპანიებმა Pfizer-მა და BioNTech–მა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლის თანახმად, გერმანულ-ამერიკული წარმოების კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინამ - BNT162-მა 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა. 16 ნოემბერს ​ამერიკულმა კომპანია "Moderna"–მაც განაცხადა, რომ მის მიერ შექმნილმა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინამ 95%-იანი ეფექტურობა აჩვენა