თურქეთის პოპულარულ კურორტზე, ბოდრუმში, სამი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროდან ტურისტების ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.
მიზეზი ხანძარია, რომელიც, ქვეყნის მასშტაბით, უკვე არაერთ ლოკაციაზე მძვინვარებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დამსვენებლების უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით, თურქეთის სანაპირო დაცვის კერძო კატარღები და იახტებია მობილიზებული.
ცნობისთვის, სამხრეთ თურქეთში, 40-მდე ლოკაციაზე ტყის ხანძრებს ებრძვიან. 6 ადამიანი დაიღუპა. 275 დაშავდა.
ცეცხლის ჩაქრობას 2 ათასამდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოში ჩაერთვნენ თვითმფრინავები, ვერტმფრენები და წყლის ავზით აღჭურვილი ავტომობილები.
თავდაპირველად, ტყის ხანძარი სამი დღის წინ, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში გაჩნდა.