როგორ გამოიყურება დღეს, სამხრეთ იტალიაში, მაფიის ბოსების მიერ აგებული ვილები - ფოტოგრაფმა ალესიო მამომ აღბეჭდა ის უზარმაზარი და ბრუტალისტური ვილები, რომლებიც მაფიის გავლენიანმა ბოსებმა არალეგალურად ააშენეს.
როგორც გამოცემა Guardian-ი წერს, მაფიის ბოსებმა გავლენების გასაძლიერებლად, შეცვალეს ქალაქების ფორმა და ულამაზესი იტალიის პეიზაჟები ბეტონის ვილებით გაანადგურეს.
1970-იანი წლების ბოლოს, მაფიის სუპერ ბოსმა მიკელე გრეკომ, მეტსახელად "პაპმა", პიცო სელაზე, 314 არალეგალური ვილის მშენებლობა დაიწყო.
როდესაც იტალიის ხელისუფლებამ კორუფციული სქემების გამოძიება დაიწყო, ვილების ნახევარზე მეტის მშენებლობა დასრულებული იყო, ხოლო მეორე ნახევარი დაუმთავრებელი.
დღეს, პიცო სელა, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "სამარცხვინო გორა", გავს საგვარეულო ადგილს საშინელებათა ფილმიდან, სადაც 170 საცხოვრებელი ვილის ,,ჩოჩხია" შემორჩენილი.
ვილების ნაწილი ხელისუფლებამ მაფიის ბოსებს ჩამოართვა, თუმცა დაუსრულებელი შენობის ნაწილი არ დაუნგრევიათ.
როგორც Guardian-ი წერს, დღეს ეს შენობები ფრინველებისა და ვირთხების თავშესაფრად იქცა.
აღსანიშნავია, რომ ათობით დაუმთავრებელი და დანგრეული კონსტრუქცია განლაგებულია პლაჟებთან.
თუმცა, პიცო-სელა არ არის ერთადერთი ადგილი სამხრეთ იტალიაში, სადაც მაფიის ბოსების ვილებია.
კასტელ-ვოლტურნოში, ნეაპოლიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში, უჩვეულო სილამაზის ლანდშაფტში, უკანონოდ 24 000 შენობა აშენდა.
ზოგიერთი ვილა ნეაპოლური მაფიოზური კლანის ,,კამორას" წევრებს ეკუთვნოდა.
სხვა მრავალი შენობის მსგავსად, ვილების ნაწილის კონფისკაცია მოხდა.
კასტელ-ვოლტურნოს სანაპიროზე აღმართული შენობების უმეტესობა მაფიოზების ავტორიტეტების მხარდაჭერით აშენდა.
როგორც ბრიტანული გამოცემა წერს, თუკი ვინმეს სურდა იტალიის ამ ულამაზეს მხარეში არალეგალურად სახლის აშენება, მაფიოზურ კლან ,,კამორასთან" დაკავშირებული კომპანიებისგან უნდა ექირავა მუშები. ასევე ამ კლანისგან უნდა შეეძინა სახლის ასაშენებელი საჭირო მასალებიც კი.
დღეს, კასტელ-ვოლტურნოში მიტოვებული შენობების ნანგრევები წარმოადგენს ერთგვარ არქეოლოგიურ არტეფაქტებს.
მაფიის არქიტექტურა არ არის მხოლოდ ძალაუფლების დემონსტრირება. ეს არის ასევე იმის ილუსტრირება, რომ მაფიის კლანები სხვადასხვა მომგებიან ბიზნესებს ფლობდა და ამ გზებით მილიონებს აგროვებდა.
მაფიოზური ვილები ასევე ასახავს, კლანისა და მაცხოვრებლების ხასიათს. აღნიშნული ვილა, რომელიც ეკუთვნოდა იტალიური მაფიის ,,კოზა ნოსტრას" წევრ ჯუზეპე გრეკოს, აშენებულია პალერმოს მახლობლად, ულამაზეს კლდეზე. ვილის სიმაღლე თითქმის 40 მეტრია. საცხოვრებლის კიბე კი პირდაპირ ზღვაზე გადის.
მაფიის ბოსები ძალიან დიდ დროს ატარებდნენ სახლებში. აქ მართავდნენ შეხვედრებს, აყალიბებდნენ ალიანსებს და ხვდებოდნენ პოლიტიკოსებსაც.
აღსანიშნავია, რომ კასტელ-ვოლტურნოში ვილა ასევე ჩამოართვეს ,,კამორას" ბოსს.
Guardian-ი წერს, რომ ინტერიერის დიზაინსს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ,,კამორას" წევრებისთვის. მათი საცხოვრებელი სახლები სავსე იყო მდიდრული ნივთებით. ზოგიერთის სახლში შეხვდებოდით ფაიფურის ლომის ქანდაკებებს, მოპარულ ხელოვნების ნიმუშებს და ა.შ.
განსხვავებულ მიდგომებს ამჟღავნებდნენ კალაბრიული მაფიის ,,ნდრანგეტას" ბოსები, რომელთა ვილები არ გამოხატავდა თავიანთ ძალაუფლებას. ეს ვილა, რომელიც კლანის უფროს ჩამოართვეს გავდა გიგანტურ ცემენტის კუბს.
როგორც გამოცემა წერს, იტალიური მაფიის ამ ჯგუფის წევრებმა იცოდნენ, რომ მდიდრული სახლი წარმოშობს შურს, განწყობას, რომლის თავიდან აცილებაც კალაბრიელ ავტორიტეტებს სურდათ მოსახლეობის ფართო წრეებში.
მაფიამ გაანადგურა სამხრეთ იტალიის ლანდშაფტი იმ სამშენებლო პროექტების საშუალებით, რომლებიც არც აშენებულა.
ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში, კლანებმა ააშენეს ქუჩები, სკოლები, საავადმყოფოები და ხიდები იმ ადგილებში, რომლებიც მეწყერსაშიშია და წყალდიდობის საშიშროების რისკიც დგას.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს, ,,ნდრანგეტას" ბოსის სახლში.
ერთი შეხედვით მაფიის ბოსების უბრალო სახლებში არსებობდა საიდუმლო გვირაბები, ბუნკერები.
,,ნდრაგეტას" ერთ-ერთმა ავტორიტეტმა ააგო ბუნკერი, რომლის შესასვლელი პიცის საცხობი ღუმელიდან იყო.
ბოლო 30 წლის განმავლობაში, იტალიის ხელისუფლებამ აღმოაჩინა 400 -ზე მეტი ბუნკერი კალაბრიაში, რომლებიც გამომძიებლებმა აღწერეს, როგორც "უმაღლესი ინჟინერიის ნამუშევრები".