ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა მასანორი ტაკაიამ განაცხადა, რომ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე ორ სპორტსმენს ტოკიოს ოლიმპიადის აკრედიტაციები ჩამოართვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა დაადასტურა, რომ ესენი ქართველი ძიუდოისტები იყვნენ.
ტაკაიას თქმით, მათ დატოვეს ოლიმპიური სოფელი, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ და COVID რეგულაციების გამო ამის უფლება არ ჰქონდათ.
„ჩვენ მათ ჩამოვართვით აკრედიტაციები, რადგან ვფიქრობთ, რომ ოლიმპიური სოფლის დატოვების ფაქტი არ უნდა დაფიქსირდეს“, – განაცხადა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სპიკერმა, მაგრამ მათი ვინაობა არ გაუმხელია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა მიმდინარე ოლიმპიადაზე 4 მედალი (1 ოქრო, 3 ვერცხლი) მოიპოვა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. ჯამში საქართველოს ოლიმპიური ნაკრების ანგარიშზე კი 5 მედალია.