ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები, იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა, აჩვენებს იმედგაცრუებას.
„თითოეული განცხადება, რომელიც საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა და მათ შორის ჩვენც გავაკეთეთ, აჩვენებს თუ რამდენად იმედგაცრუებულები ვართ შეთანხმების დატოვების შესახებ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით. ეს იყო საუკეთესო გზამკვლევი, 6-თვიანი მოლაპარაკებების შედეგი იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოს სჭირდება განახორციელოს. შეთანხმების მთავარი ღირებულება იყო პარტიების ერთობლივი მოლაპარაკება რეფორმების განსახორციელებლად. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება გახდება მთავარი სტრუქტურული ჩარჩო პარტიებისთვის, რათა ერთობლივად იმუშაონ.
ცალმხრივი რეფორმები საკმარისი არ არის, საქართველოს სჭირდა მრავალპარტიული რეფორმები. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება და გააგრძელებს იმ გზამკვლევის ფუნქციას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია“, - განაცხადა მან.
შეკითხვაზე: დაუწესებს თუ არა აშშ საქართველოს სანქციებს? ელჩმა უპასუხა, რომ „სანქციებზე საუბარი ნაადრევია იქამდე, სანამ არ ამოიწურება ყველა სხვა შანსი, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს“.
ამასთან, ის პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, 28 ივლისს,, ,,ქართულმა ოცნებამ" 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.
როგორც პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეთანხმების დოკუმენტმა ,,თავი ამოწურა".
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.