მიანმარის გადატრიალების მეთაურმა თავი პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა

BBC-ის ინფორმაციით, მიანმარის სამხედრო გადატრიალების მეთაურმა, გენერალმა მინ აუნგ ჰლაინგმა თავი ქვეყნის პრემიერ-მინისტრად გამოაცხადა და საგანგებო მდგომარეობა 2023 წლამდე გაახანგრძლივა.

როგორც გამოცემა წერს, გენერალმა მიანმარის ყოფილ მთავრობას, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში სამხედროებმა ჩამოაგდეს, ტერორისტები უწოდა. მინ აუნგ ჰლაინგის თქმით, მისი მოწინააღმდეგეები მასზე ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ და მიზნად გენერლის რეპუტაციის შელახვა აქვთ.

მიანმარში სამხედრო გადატრიალება თებერვალში მოხდა. არმიამ, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ქვეყნის არჩეული ლიდერი აუ სან სუ ჩი დააკავა და ერთწლიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მას შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით არაერთხელ დაარბია. აქციებს სულ მცირე 400 ადამიანი ემსხვერპლა.