სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ, ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

20 ნოემბერს ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარედ არსებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების ფაქტები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", - აცხადებენ უწყებაში.