ბელარუსმა ათლეტმა, კრისტინა ტიმანოვსკაიამ, რომელიც ბელარუსის ოლიმპიური კომიტეტის კრიტიკის შემდეგ კომიტეტმა ოლიმპიადიდან მოხსნა და იძულებით სცადა მისი ბელარუსში დაბრუნება, პოლიტიკური თავშესაფარი პოლონეთს სთხოვა. ამის შესახებ ბელარუსის სპორტული სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსანდრ ოპეკინმა, ისაუბრა.
როგორც ცნობილია, პირველ აგვისტოს ბელარუსის ოლიმპიურმა კომიტეტმა კრისტინა ტიმანოვსკაია ოლიმპიადიდან მოხსნა, მიუხედავად იმისა, რომ 2 აგვისტოს მას 200-მეტრიან დისტანციის წინასწარ გარბენში უნდა მიეღო მონაწილეობა. თავად ათლეტმა თქვა, რომ კომიტეტის ხელმძღვანელობამ სცადა, მისთვის ბელარუსში დაბრუნება ეიძულებინა. ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, ტიმანოვსკაიამ ინსტაგრამზე ოლიმპიური ხელმძღვანელობის კრიტიკული ვიდეო გამოაქვეყნა.
ბელარუსში გაფრენამდე, ტოკიოს აეროპორტში მისულმა ტიმანოვსკაიამ პოლიციას მიმართა და გაავრცელა ვიდეო, რომელშიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს დახმარება სთხოვა. ათლეტი ტოკიოში დარჩა და თქვა, რომ ბელარუსში სისხლისსამართლებრივი დევნის ეშინია.