ვახტანგ გომელაური: მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება 112-ის მომსახურების დონე და შემცირდება რეაგირების დრო

„მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით 112-ში", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე. დღეს ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებას სამინისტროს 10-წლიანი სამოქმედო გეგმა და სტრატეგიული ხედვები წარუდგინა.

„მაქსიმალური კოორდინაციისა და ინციდენტებზე ოპერატიული რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, "112" და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი გაერთიანდა და 2020 წლიდან შეიქმნა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი "112";დაინერგა SMS და ვიდეოზარის სერვისი - ყრუ და სმენადაქვეითებულ პირებს, გადაუდებელ შემთხვევებში, შეუძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ვიდეოზარის საშუალებით დაუკავშირდნენ "112"-ს."112"-მა მოქალაქეებს ინოვაციურ, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სერვისი შესთავაზა. მობილური აპლიკაციით შესაძლებელია ჩუმი განგაშის - SOS შეტყობინების გაგზავნა და ოპერატორთან მიმოწერა.2020 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა მოძალადის ელექტრონული ზედამხედველობის პროგრამა, რომელსაც ტექნიკურად უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112. საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება "112"-ის მომსახურების დონე და შესაბამისად, შემცირდება რეაგირების დრო. აღნიშნულის განსახორციელებლად იგეგმება პრიორიტეტების განმსაზღვრელი პროგრამის დანერგვა.ასევე, დაინერგება ადრეული გაფრთხილების SMS სისტემა, რომელიც სახიფათო ტერიტორიაზე მყოფ აბონენტებს მომხდარი ან პოტენციური საფრთხის შესახებ შეატყობინებს.ინციდენტებზე მყისიერი რეაგირების მიზნით, მოხდება "112"-ში შემოსული ზარების ხმის ბანკის პროგრამული დამუშავება", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მან ასევე ისაუბრა „ხელშესახებ ცვლილებებსა და რეფორმებზე, რომლებიც მისი თქმით, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის განვითარების მიმართულებით გატარდა. მინისტრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარების და სტანდარტების ამაღლების კუთხით.

„საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში მოხდა როგორც ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური მიმართულებით გაუმჯობესება, ასევე, ადამიანური რესურსების გადამზადება. არ არსებობდა ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერული ექსპერტიზის მიმართულებები, რაც 2013 წლიდან ამოქმედდა. უმნიშვნელოვანესია გენეტიკური ექსპერტიზის ლაბორატორიის შექმნა, რომელიც ხელს უწყობს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას. საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით აშენდა და აღიჭურვა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განთავსებულია 20 სხვადასხვა მიმართულების სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორია; წარმატებით განხორციელდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიების აკრედიტაცია საერთაშორისო ISO სტანდარტის მიხედვით.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი გახდა ევროპის საექსპერტო დაწესებულებათა კავშირის სრული წევრი; სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ექსპერტიზის სხვადასხვა მიმართულების შესაძლებლობების განვითარებისა და სტანდარტების ამაღლების კუთხით, კერძოდ: ლაბორატორიების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის გზით განხორციელდება დნმ-ის, ქიმიური, ბალისტიკური, დაქტილოსკოპიური, ასევე, ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის შესაძლებლობების განვითარება. გაფართოვდება ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზების სტანდარტის აკრედიტაციის სფერო. შემუშავდება ქიმიური-ბიოლოგიური-რადიაციული და ბირთვული პროფილის ექსპერტიზის და საშიში ქიმიური ნივთიერებების ლაბორატორიის შექმნის სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.