შს მინისტრმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავსტრალიელი ქალის მკვლელობაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ნაკლები პროცენტია, რომ დამნაშავე უცხოელი იყოს.

„ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა. პირველ რიგში მინდა მის ოჯახს, მის ახლობლებს მივუსამძიმრო. მაქსიმალურს ვაკეთებთ, ნამდვილად 24 საათის განმავლობაში მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, გამომძიებლები, ოპერატიული თანამშრომლები, რომ სწრაფად მოხდეს გამოძიება. გვაქვს რაღაცები, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით. შეიძლება გაფუჭდეს ეს გამოძიება და რაც ვიწვალეთ ამ ორი ღამის განმავლობაში, შეიძლება წყალში ჩაგვეყაროს ჩემი ერთი სიტყვით და არ მინდა გამოძიებას ხელი შევუშალო. სადაც საშუალებაა, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გარდაცვლილი, ყველაზე ერთნაირად ვმუშაობთ და არის ერთი სტანდარტი“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზეც, რომ მთაწმინდის ტერიტორიაზე ფიზიკური ძალადობა სხვა ქალებზეც განხორციელებულა, რასთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინებებიც შევიდა.

შს მინისტრის თქმით, უწყებაში ორი შეტყობინება შევიდა, თუმცა ეს ფიზიკური ძალადობა არ იყო.

„ორი შეტყობინება იყო, რომელზეც ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა - „შეგვეშინდა, ჩვენსკენ მოძრაობდა და გავიქეცითო“. მოვიყვანეთ, დავკითხეთ და ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.