მეუფე შიო პატრიარქს: იმედი გვაქვს, თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება

წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის ხსენების დღეს საქართველოს საპატრიარქოში ჩატარდა პარაკლისი. მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებამ და მრევლის ნაწილმა მის უწმინდესობას ანგელოზის დღე მიულოცეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომაც (მუჯირი) მიულოცა.

„თქვენ ხშირად აღნიშნავთ, რომ მუდამ გრძნობთ ილია წინასწარმეტყველის სულიერ ძალას, მის მფარველობას და ყოველთვის ცდილობთ, თქვენი მფარველი წმინდანის მსგავსად შთაგვაგონოთ, რომ ეკლესიური ცხოვრება და ადამიანთა სულების აღშენება მხოლოდ მოწყალებით, სიყვარულითა და მოთმინებით არის შესაძლებელი. სწორედ ამ სათნოებათა წყალობით, რომლებიც თქვენ უხვად გაგაჩნიათ, არაერთხელ გადაგირჩენიათ მძიმე განსაცდელის ჟამს ჩვენი ქვეყანა და მრავალი ჩვენთაგანი.საყოველთაოდ ცნობილია, პატრიარქობის თუ რა მძიმე ჯვარი გარგუნათ უფალმა.

ამ ჯვარს თქვენ უკვე ორმოცდა ოთხი წელია, მოწამეობრივი მსახურებით, უფლისადმი მორჩილებითა და თქვენი სამწყსოსადმი დიდი სიყვარულით ატარებთ. კერპთა დამამხობელისა და ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებელი ილია თეზბიტელის მსგავსად, თქვენი ლოცვითა და ბრძნული მამამთავრობით მრავალი სულიერი კერპი და ცრუ იდეოლოგია დაემხო, რომელიც ადამიანსა და ღმერთს ერთმანეთს აშორებდა. უმძიმესი იყო მემკვიდრეობა, რომელიც თქვენ დაგხვდათ საბჭოთა კავშირის ათეისტური რეჟიმის პირობებში, მაგრამ სწორედ თქვენი დიდი ძალისხმევით დაიწყო საეკლესიო ცხოვრების აღორძინების, ჩვენი ერის უფლისკენ შემობრუნებისა და სულიერი აღმავლობის პროცესი.

მიუხედავად იმჟამინდელი ათეისტური ხელისუფლების წინააღმდეგობისა, თქვენი მზრუნველობის და დიდი ძალისხმევის შედეგად გამრავლდა და აღორძინდა ეპარქიები, იკურთხა ახალი მღვდელმთავრები, გაიხსნა ეკლესია-მონასტრები, აშენდა საკათედრო ტაძრები, საეპარქიო სახლები. თქვენი დიდი ღვაწლის შედეგად შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიის აღიარების მოპოვება, წმინდანად შეირაცხა მრავალი საეკლესიო მოღვაწე, სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიდა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა და მრავალი სხვა. განსაკუთრებულია თქვენი ღვაწლი საგანმანათლებლო და მისიონერულ სფეროებში.

საბჭოთა ათეისტურ ხანაში რომ არა თქვენი შორსმჭვრეტელური მიზნები და საზოგადოების ინტელექტუალური ნაწილის ეკლესიასთან დაახლოების დიდი ძალისხმევა, დღეს არ გვექნებოდა ასეთი მაღალი დონის საგანმანათლებლო კერები. თქვენ ბრძანებთ: „ნებისმიერი ქვეყნის განვითარებაში სამეცნიერო სფერო გადამწყვეტ როლს ასრულებს. განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე – სულიერს?! ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ ერთმანეთს. მეცნიერება ღვთისგან ნაკურთხია, იგი ადამიანის ინტელექტის, როგორც ღვთის ხატების, მიღწევაა“.

დღეისათვის თქვენი დიდი ძალისხმევის შედეგად ჩვენ გვაქვს 4 უნივერსიტეტი, 8 სასულიერო სემინარია, 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, 22 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 12 გიმნაზია, 8 პანსიონი, 3 სამრევლო-საგანმანათლებლო სკოლა,13 საგანმანათლებლო კვლევითი და ახალაგზრდული ცენტრი. წლების განმავლობაში გამოიცა არაერთი საღვთისმეტყველო ნაშრომი, ჟურნალ-გაზეთი, თეოლოგიური, ფილოსოფიური და ისტორიული ხასიათის კვლევა, თუ თარგმანი.ვრცლად შეიძლება საუბარი თქვენს მამობრივ მზრუნველობაზე სხვადასხვა სფეროს მიმართ, მეცნიერებაზე, ხელოვნებაზე, ქართული გალობის აღორძინებაზე, საგამომცემლო საქმეზე, სამხედრო უწყებებში მომსახურეებზე, სამშობლოდან გადახვეწილ ქართველებზე, შვილგარდაცვლილ დედებსა თუ სოციალურ მსახურებაზე, გაჭირვებულთა, უსახლკაროთა და უპატრონო ბავშვთა დახმარებაზე, ახალგაზრდებსა და დემოგრაფიულ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ 25 ივლისს რიგით 64-ე ნათლობაზე თქვენს ნათლულებს კიდევ 1600 ბავშვი შეემატა და მთლიანობაში უკვე 43 000 გახდა. ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ მრავალრიცხოვანი მიღწევებისა, რომელთა შესახებ ორმოცდაოთხი წლის წინ ფიქრიც კი შეუძლებელი იყო. თქვენი მუდმივი საზრუნავია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ის ძალისხმევა, რომელსაც თქვენ მიმართავთ დროებით დაკარგული და დაპყრობილი ტერიტორიების დასაბნრუნებლად, გვწამს, საბოლოოდ, დიდი სიხარულით დაგვირგვინდება.

თქვენი აღსაყდრებიდან დაწყებული ჩვენი სამშობლო და ეკლესია არაერთი დიდი გამოწვევის წინაშე მდგარა, მაგრამ თქვენმა სიბრძნემ და მამობრივი ზრუნვით გამსჭვალულმა სიყვარულმა დაგვაძლევინა ეს სირთულეები. თქვენი მიზანი მუდამ იყო და არის სულიერი, ზნეობრივი და კულტურული ფასეულობების დაცვა და შენარჩუნება. თანამედროვე ეპოქამ ჩვენი ერისა და ეკლესიის წინაშე ახალი პრობლემები და გამოწვევები მოიტანა.

დღეს, როდესაც ვხედავთ დიდ ზეწოლასა და მცდელობას, რომ ახალი სახის კერპთმსახურება დაინერგოს, როდესაც ძლიერნი ამა სოფლისანი თავისუფლების იდეის სარჩულით ხორციელ ცოდვებს, ცილისწამებას, სიწმინდის შეურაცხყოფას და ა.შ. ნორმალურ მოვლენებად აცხადებენ, როდესაც ანტიეკლესიური ძალების მიერ ხდება მართლმადიდებლური და ეროვნული სულისკვეთების დევნა, გაყალბება და ცრუ სწავლებებით ჩანაცვლება, გვახსენდება თქვენი სიტყვები: „ხშირად ვფიქრობ იმის შესახებ, თუ რამ გადაარჩინა ქართველი ერი და მომავალშიც რა გადაარჩენს მას. ჩვენი ერი იხსნა სულიერმა სიმტკიცემ, დიდმა სარწმუნოებამ, ეროვნულმა თვითშეგნებამ... ორი ძალა - სულიერი და ეროვნული - გადაარჩენს ქართველ ერს, ისინი უნდა შევინარჩუნოთ და მათ უნდა გავუფრთხილდეთ.

ასეთი სულისკვეთებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც...„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენი ლოცვითა და ილია წინასწარმეტყველის შეწევნით, უღმერთო იდეოლოგიის დანერგვის მორიგი მცდელობა საქართველოში წარუმატებელი აღმოჩნდება. თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ვუერთდებით რა მილიონობით ადამიანის მილოცვას, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გულითადად მოგილოცოთ თქვენი ანგელოზის დღე.მადლობას გიხდით თქვენი მოწამებრივი ღვაწლისა და მამობრივი ზრუნვისათვის. თქვენი განვლილი ცხოვრების გზა დიდი სულიერი შთაგონების წყაროა ჩვენთვის, თქვენი სულიერი შვილებისა და მრევლისათვის.გისურვებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემწეობას, სულიერ სიხარულსა და სიმხნევეს, ჯანმრთელობასა და დღეგრძელობას, სადიდებელად უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და საცხოვნებელად თქვენდამი მინდობილი სამწყსოსი“, - მიმართა მეუფე შიომ პატრიარქს.