AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზის Pfizer/BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინების მეორე დოზასთან კომბინირება კარგ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნულს დანიის შრატის სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევა ცხადყოფს.
აღსანიშნავია, რომ უამრავი ქვეყანა ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში მეორე დოზისთვის სხვა ვაქცინის გამოყენებას განიხილავს, განსაკუთრებით დანიაში მას შემდეგ, რაც იშვიათი გვერდითი მოვლენის გამო, ჯანდაცვის ორგანოებმა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება შეწყვიტეს.
144 000-ზე მეტმა დანიელმა, ძირითადად ჯანდაცვის სექტორის თანამშრომლებმა და ხანდაზმულებმა, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზა მიიღეს, თუმცა შემდგომში ისინი Pfizer-BioNTech-ის ან Moderna-ს ვაქცინებით აცრეს.
„კვლევამ აჩვენა, რომ კომბინირებული ვაქცინაციის პროგრამიდან თოთხმეტი დღის შემდეგ, SARS-CoV-2-ით ინფიცირების რისკი 88%-ით მცირდება არავაქცინირებულ პირებთან შედარებით“, - ნათქვამია კვლევაში.
ეს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის ორი დოზის ეფექტურობა 90%-ს შეადგენს.
კვლევა, რომელიც გასულ კვირას გამოქვეყნდა, მიმდინარე წლის თებერვლიდან ივნისამდე პერიოდს მოიცავს.